ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი უნივერსიტეტის შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინე იმერლიშვილმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განვითარებას, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კომპონენტების ერთობლივ განხორციელებასა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. შეთანხმება ასევე მოიცავს უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამეცნიერო ინიციატივების დაგეგმვასა და აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას. თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჯანდაცვისა და განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში ინსტიტუციურ პარტნიორობათა გაღრმავებისა და გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.