ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინე იმერლიშვილმა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ.
შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განვითარება, ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსი და გაეცნო სასწავლო ინფრასტრუქტურასა და აკადემიურ გარემოს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ინსტიტუციური პარტნიორობის გაღრმავებისა და გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.