ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ბაზაზე ახალი, თანამედროვე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა – ბაუ დენტალი – ოფიციალურად გაიხსნა. პროექტი უნივერსიტეტის კლინიკური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანია ერთ სივრცეში პრაქტიკული სწავლების, მომავალი სპეციალისტების მომზადებისა და უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაერთიანება.
კლინიკა უნივერსიტეტის სასწავლო კამპუსის მესამე და მეოთხე სართულებზეა განთავსებული. სივრცე აღჭურვილია უახლესი სტომატოლოგიური დანადგარებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტერილიზაციო ბლოკითა და ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკის სისტემით.
ბაუ დენტალ კლინიკა სხვადასხვა მიმართულების სტომატოლოგებს აერთიანებს. კლინიკაში ექიმები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ერთიან სამკურნალო და საგანმანათლებლო პროცესში იქნებიან ჩართული, რაც სტუდენტებს რეალურ კლინიკურ გარემოში სწავლისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. კლინიკის გახსნას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა ხელს შეუწყობს როგორც თანამედროვე სტომატოლოგიური განათლების განვითარებას, ისე ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.