შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის „შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება““ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და BAU – საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ სამეცნიერო ინიციატივას, რომლის მიზანია შავი ზღვის სანაპირო ზონაში ზღვის წყლის ხარისხის კომპლექსური მონიტორინგი და დაბინძურების გავლენის შეფასება თანამედროვე კვლევითი მეთოდების გამოყენებით.
კვლევა ეფუძნება ზღვის წყლის დენადობის შესწავლას. პროექტის ძირითადი მიზნებია: შავი ზღვის სანაპირო ზონის სისტემური გარემოსდაცვითი მონიტორინგი; ნავთობთან დაკავშირებული დამაბინძურებლების ზემოქმედების შეფასება; გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემების ინტეგრირებული ანალიზი; დაბინძურების რისკების პროგნოზირების თანამედროვე მოდელის შექმნა. ამ მიზნების მისაღწევად შეიქმნა საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებს, რომლებსაც „შავი ზღვის ლურჯი განვითარების“ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცდილება აქვთ.
აღნიშნული კონსორციუმი ხელს შეუწყობს შავი ზღვის ეკოსისტემის ერთობლივი კვლევების მაღალ დონეზე განხორციელებას, გარემოს მონიტორინგის თანამედროვე მეთოდების განვითარებას, სამეცნიერო ცოდნის გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. პროექტის ხელმძღვანელია მაკა მანწკავა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის გამგე, ხოლო თანახელმძღვანელია ირინე იმერლიშვილი, BAU – საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.