4-5 ივლისს, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ორგანიზებით, საქართველოში პირველი მასშტაბური სამედიცინო სიმულაციური შეჯიბრი - BAU Sim Games 2026 - გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები რეალისტურ, მაღალი სირთულის კლინიკურ სცენარებში ავლენდნენ პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და გუნდური მუშაობის შესაძლებლობებს. შეჯიბრის პროგრამა ექვს სხვადასხვა სიმულაციურ დავალებას მოიცავდა, რომლებიც გადაუდებელი მედიცინისა და კრიტიკული მდგომარეობების მართვის მრავალფეროვან კლინიკურ შემთხვევებს ეფუძნებოდა.
მონაწილეთა საქმიანობას საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ინსტრუქტორები წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად აფასებდნენ. თამაშების დასრულების შემდეგ შეფასების პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ინსტრუქტორები, ასევე გუნდების მენტორები. BAU Sim Games 2026-მა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სამედიცინო სიმულაციური შეჯიბრების ახალი ფორმატის განვითარებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) როლი ინოვაციური სამედიცინო განათლების ხელშეწყობაში.